ნინო გაბრავა რეცენზია - ალუბლის ბაღი
ალუბლის სევდა და არტისტული ქალაქი
(ციკლიდან „დროის იეროგლიფები“)
2015 წლის 21 ნოემბერს, გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, მაყურებელთან ერთად, რეჟისორ სოსო ნემსაძისა და თეატრის მთელი შემოქმედებითი გუნდის წყალობით ორი აღსანიშნავი მოვლენის მოწმე გახდა, მესამე ახალი ექსპერინეტული სივრცე, ანტონ პავლოვიჩ ჩეხოვის კლასიკად აღიარებული პიესით „ალუბლის ბაღით“ გახსნა. აქვე, მინდა ორიოდ სიტყვით ახალ სივრცეს შევეხო და აღვნიშნო, რომ, რადგან აქ არ არის კონკრეტული ადგილი სცენისა თუ პარტერისათვის განსაზღვურული, ამ სივრცის მორგება ნებისმიერ რეჟისორს საკუთარი სურვილისამერ შეუძლია. თავად სივრცე აძლევს რეჟისორს ულევი ინტერპრეტაციის საშუალებას. მესამე სივრცის კიდევ ერთი დამახასიათებელი ნიშანი ის უშუალო კონტაქტი და ერთიანობაა, რომლის დამყარებაც მას შეუძლია ნებისმიერ მაყურებელთან, რისი წყალობითაც ის სპექტაკლის უშუალო მონაწილე ხდება.
სპექტაკლის რეჟისორი და სცენოგრაფი სოსო ნემსაძეა, ქორეოგრაფი - გია მარღანია, კომპოზოტორი კი მამუკა მეგრელიშვილი, რომელმაც მუსიკა სპეციალურად ამ სპექტაკლისთვის შექმა. რეჟისორმა ოსტატურად მოახერხა ოთხმოქმედებიანი პიესა ისე გადაექცია ერთ მოქმედებად, რომ პიესის სიუჟეტი არ დაეღღვია და ყველაფერი გასაგებად მიეწოდებინა მაყურებლისთვის. ლოგიკურად ერთიანი მოქმედებები და შინაარსის მთავარი, საკვანძო ეპიზოდების ერთიანობაც ნათელსა და გასაგებს ხდის ყველა პერსონაჟის ხასიათისთვის დამახასიათებელ ინდივიდუალიზმს. რეჟისორმა მთელი სცენა ერთ დიდ სუფრად აქცია და არა მარტო სუფრად. ეს იყო სახლიც, სუფრაც ჭურჭლით გაწყობილი და ბილიარდის მაგიდაც, რომელიც მოქმედებიდან გამომდინარე იცვლიდა სახეს. ასევე საკმაოდ ორიგინალური იყო სცენის ქვეშა სივრცის ათვისება რეჟისორის მიერ, რომელიც ასევე ცალკე სათამაშო ასპარეზს წარმოადგენადა და საკმაო აზრობრივი თუ შინაარსობრივი დატვირთვაც გააჩნდა. ასე ვთქვათ, ეს სივრცე, მოახლე გოგონას დუნიაშას (ნატო აივაზაშვილი) სათამაშო ასპარეზს წარმოადგენდა და ასევე განასახიერებდა იმ მდინარეს, სადაც ლიუბოვ ანდრეევნას პატარა ვაჟი დაეხრჩო. სოსო ნემსაძემ ეს ყველაფერი ორიგინალურად მიაწოდა მაყურებელს ლურჯი განათებისა და ძველი საბავშვო ველოსიპედის წყალობით, რომელიც ერთის მხრივ მდინარეს წარმოადგენდა და მეორეს მხირვ რანევსკაიას ბიჭუნას, ამ მდინარეში დამხრჩვალს.
დუანიაშა ვახსენე და აქვე მინდა განვავრცო ნატო აივაზაშვილის პერსონაჟი. მოახლე გოგონა, რომელიც მდიდარ ოჯახში გაიზარდა და მათთვის თავის გატოლებაც კი სცადა. საკმაოდ მსუბუქი ყოფაქცევისაა, რომელიც ნათლად ეფლირტავება ვაჭარ ლოპახინს (ომარ ბექაური, შოთა ხანჯალიაშვილი). საკმაოდ კარგადაა გადმოცემული მოქმედების გარეშე ნატოს გრძნობები ლოპახინის მიმართ ჟესტიკულაციისა თუ პლასტიკის ენით. როგორ რეაგირებს ის ლოპახინის ნათქვამ ყველაზე უაზრო ფრაზებზეც კი ისეთი აღტაცებული სახით, რომ ამ ყველაფრის დასამტკიცებლად ვერბალური მხარე საჭირო აღარცაა. ეს არის ქალი საკმაოდ ამბიციური, ეშმაკი და გაქნილი, რომელიც ცდილობს ყველა სიტუაციას მოერგოს. აი, განსაკუთრებით იმ სცენას აღვნიშნავდი, როცა გაიგებს რომ მამულის მეპატრონე უკვე ლოპახინია, თამამად მოიცმევს მის მდიდრულ ბეწვის ქურქს და მასში ვნებიანად გახვეულს თავი ლოპახინის მეუღლედ წარმოუდგენია, მაგრამ დროებით, მხოლოდ რამდენიმე წუთით, რადგან უტიფარი ლოპახინი, რომელიც მას მხოლოდ გასართობად იყენებს, საკუთარ ადგილს მიუჩენს და კიდევ ერთხელ დაანახვებს ვინაა აქ ბატონი. ასევე, აღსანიშნავია ნატოს დამოკიდებულება ვარიას მიმართ, როცა ამაყად გადახედავს მას, იმის მერე რაც სახლის გასაღებს ლოპახინი დუნიაშას ჩააბარებს, როგორი ცბიერი და ბოროტული სიხარულით აღსავსე თვალებით შეჰყურებს უსუსურ ვარიას მოახლის გოგო დუნიაშა. მსახიობის მოქმედება სცენაზე, მისი ხმაურიანი კისკისი, რომელიც ზუსტი რეპლიკების მატარებელია, ელასტიური მიხვრა-მოხვრა და მოძარობა, მისი თითოელი რეპლიკა მოკლედ და ლაკონურად გამოსახავს პერსონჟის ხასიათსა და სხვებისადმი დამოკიდებულებას. ჩემი აზრით, ნატომ საკმაოდ კარგად გაართვა თავი საკუთარ ამოცანას და საკუთარი პერსონაჟის საკმაოდ დასამახსოვრებელი სახე შექმნა და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მთლიანი სპექტაკლის ტემპორიტმის წინ წაწევაში. მისი ეს როლი იყო ერთი შეხედვით მარტივი, მაგრამ შესასრულებლად საკმაოდ რთული. ნატოს ბალანსი უნდა დაეცვა და როლისთვის არც რაიმე უნდა დაეკლო, რადგან ამით უსიცოცხლო არ გაეხადა საკუთარი დუნიაშა და არც მოემატებინა, რადგან საკმაოდ გამაღიზიანებელი არ აღმოჩენილიყო მაყურებლისთვის. ეს როლი ერთგვარი ბეწვის ხიდია მსახიობისთვის, ფაქიზად შესასრულებებლი, როგორც ასევე პიოტრ სერგეევიჩ ტროფიმოვის, ახალგაზრდა სტუდენტის როლი, რომელსაც ზაზა თედელური განასახიერებს.
ტროფიმოვი - რანევსკაიას დაღუპული შვილის ყოფილი მასწავლებელი. მარად სტუდენტი, რომელიც ვერადავერ ამთავრებს კურსს და რომელსაც ბედი თავის ნებაზე, ადგილიდან ადგილზე ატარებს. ის ქადაგებს ნათელი მომავლის რწმენას, აძაგებს და აკრიტიკებს რუსულ არისტოკრატიას, რომელიც არაფერს არ ეძებს და უმოქმედოა და ამასთან, ვერც კი ამჩნევს, რომ ის თავად წარმოადგენს ამ ინტელიგენციის ნაწილს.
მსახიობმა პერსონაჟის ძირითადი ხასიათის დაჭერა იმდენად ზუსტად შეძლო, რომ შექმნა ერთ-ერთი აღსანიშნავი პერსონაჟი პიესიდან იმის მიუხედავად, რომ ის არ იყო მთავარი მოქმედი გმირი. ტროფიმოვის ფსიქოლოგია იმდენად კონკრეტულად გადმოსცა მან დამახასითბელი ჟესტებით, მეტყველების ნერვიული მანერითა და პლასტიკით, რომ ყველასთვის გასაგები გახადა. ეს იყო კომიკურობით აღსავსე საკმაოდ ტრაგიკული პერსონაჟი, რომელმაც 30 წლის ასაკშიც კი ვერ იპოვა საკუთარი თავი და ერთადერთი რაც ეხერხებოდა მხოლოდ ფუჭი მეტყველება იყო, დამრიგებლური ტონით აღსავსე და არაფრის მომცემი, რომელიც ადამიანთა მოქმედებას და საქმის კეთებას მხოლოდ თეორიულად ღაღადებდა და არანაირად არ შეიცავდა მოქმედებას კეთილდღეობის მოსაპოვებლად. ფეხების ის ნერვიული მიმოხვრა, მიმიკების თამაში სახეზე და საუბრის ტონი სიცილისმომგვრელი იყო მაყურებლისთვის, ენერგია კი რომელიც მსახიობისგან მოდიოდა გადამდები მთელი დარბაზისათვის. ბეწვის ხიდითქო ვახსენე და ასეთია ეს პერსონაჟიც, მისი ზედმეტაც „გადაპრანჭული“ საუბარი ან მოქმედება სრულიად დაკარგავდა პიროვნების დამახასიათებელ სახეს, თუ ზაზა არ დაიცავდა იმ გარკვეულ ოქროს შუალედს რისი გაკეთბაც მან მოახერხა. ტროფიმოვის გმირი სავსეა მიზანსცენებით, რომელიც ეტაპობრივად აცნობს მაყურებელს პერსონაჟს საკუთარი მიზნებითა თუ გულისტკივილით. განსაკუთრებით საინტერესოა ეპიზოდი, რომელშიც ის საბოლოოდ ავლენს საკუთარ ხასიათს, როცა გაიყიდა ალუბლის ბაღი და მისი მეპატრონე უკვე ლოპახინია, არის ასეთი მიზანსცენა, სადაც ომარ ბექაურის პერსონაჟი ემზადება ალუბლის ბაღის გასაჩეხად და სახლის დასაკეტად, როცა ის ხერხავს ფიცრებს სახლის დასალუქად, „კალოშების“ საძებრად შემოსულ ტროფიმოვს გამოიჭერს, „კალოშებისა“, რომელიც, ჩემი აზრით, მისი უმიზნო გადაადგილების, უსარგებლობისა და ლამაზი სიტყვებით გაბრწყინებული ცხოვრების ნათელი სიმბოლოა, და მიიხმარს. მათი დიალოგი სავსე ქმედებით მრავლისმთქმელია ორივე პერსონაჟისთვის, ასევე საკმაოდ სახალისო აღსაქმელი მაყურებლისთვის და სავსე ტრაგიზმით, სადაც ჩანს მათი ღირებულებები. ლოპახინი მას ფულად დახმარებას სთავაზობს, ტროფიმოვი კი უარზეა რატომღაც გადაწყვეტილი აქვს, რომ თარგმნა ცხოვრებისთვის საარსებო მინიმუმის მოპოვებაში დაეხმარება და სწორედ ესაა მისი უბედურებაც, არ ცდილობს აკეთოს მაქსიმუმი, გაიუმჯობესოს მდგომარეობა. რატომ? რეალურად მას ამის ძალაც კი არ შესწევს. მიჩვეულია ცხოვრებას უსუსური პარაზიტივით, რომელსაც მხოლოდ იმედი აცოცხლებს, უკეთესი ცხოვრების იმედი, მინიმალური საქმიანობით. მისი სრულიად საპირისპირო სახეა ლოპახინი, რომელიც პირიქით მოქმედებას და შრომას ღაღადებს, რადგან ადამიანმა უკეთ ცხოვრება შეძლოს და სწორედ ესაა ამ სცენის ხიბლიც, ორი სრულიად საპირისპირო აზრის ერთმანეთთან შეჯახება და რეალური გამარჯვება, დამახასითბელი ეპოქისათვის, შრომა და მხოლოდ შრომა, რაც აუცილებლად დაეხმარება ადამინს საკუთარი თავის დამკვიდრებაში.ლოპახინის პერსონაჟს ორი მსახიობი ომარ ბექაური და შოთა ხანჯალიაშვილი ასრულებს და ცდილობენ ორი დამოუკიდებელი და განსხვავებული სახის შექმნას. ლოპახინი- ვაჭარი რომლის მამა იყო რანევსკაიების ოჯახის ყმა და რომელსაც თავად რანევსკაიამ ბევრი სიკეთე გაუკეთა, მადლიერია მათი. სწორედ ეს მადლიერება არის მიზეზი იმისა, რომ ის განუწყვეტლივ ეხმარება ამ ოჯახს მატერიალურად, მიუხედავად იმისა, ხედავს რა მათ ფუქსავატობასა და უმოქმედობას, ცხოვრებისადმი ზედაპირულ და მსუბუქ დამოკიდებულებას. ლოპახინი- ომარი გმირის ზუსტ და შესაფერის ტიპაჟს გვიხატავს, ის ფიზიკურადაც კი ზუსტადაა მორგებული ამ როლს. არის უხეში, ტლანქი, გაუნათლებელი, რომელმაც მთელი ცხოვრება შრომაში გაატარა. ახალმა ეპოქამ კი ხელი შეუწყო მის გამდიდრებას, თუმცა როგორც თვადაც აღიარებს მაინც „ღორად“ დარჩა. ლოპახინს გულწრფელად სურს გადაარჩინოს რენევსკაიას ალუბლის ბაღი, რომელსაც ვალების გამო ყიდიან. მან გეგმაც კი შესათავაზა ლიუბოვ ანდრეევნას, დაეყოთ ბაღი ნაკვეთებად და იჯარით გაეცათ, რაც საჭიროებდა ბაღის გაჩეხვას, რომელიც ლოპახინისთვის არაფერს წარმოადგენდა, რანევსკაიასგან განსხვავებით. ის ამ ყველაფერს მატერიალურად აღიქვამს და აფასებს მხოლოდ მის სიმდიდეს, რაც მეტი შემოსავლის მიღების წყაროა და მეტი არაფერი. მაგრამ მეპატრონეები არ თანხმდებიან მათთვის ძვირფასი ბაღის გაჩეხვაზე. ლოპახინი გულწრფელად გაკვირვებული და გაოცებულია მათი არასერიოზული დამოკიდებულებით არსებული სიტუაციის მიმართ. ეს გაოცება კი საკმაოდ კარგად ჩანს მსახიობის ქმედებასა და მის სახეზე. ის დილის 5 საათზე დგება და დაღამებამდე დაუღალავად შრომობს. პიესის ბოლოს კი თავად ხდება ამ ალუბლის ბაღის მფლობელი. რაც გლეხი ლოპახინის ცხოვრების ტრიუმფი ხდება, როგორც იმ თავადაზნაურთა ქონების მფლობელის, რომლებიც მის წინაპრებს სახლში შესვლის ღირსადაც კი არ თვლიდნენ. სწორედ აქ იღვიძებს მასში ტიპიური ვაჭრის უხეში, მტაცებლური ბუნება. სწორედ ეს სცენაა სპექტაკლის კულმინაციური მომენტი, როდესაც უკვე გამარჯვებული ლოპახინი სცენაზე ადის, ამტვრევს კმაყოფილი თეფშს და წარმატებისგან თავბრუდახვეული საკუთარი ცეკვით ყველას ამცნობს ახალი მეპატრონის მოსვლას. ესაა სცენა, სადაც მსახიობს საშუალება ეძლევა ბოლომდე გამოკვეთოს საკუთარი პესონაჟის სახე, ბუნება და სურვილები. ის ჩაფიქრდება ყოფილი მეპატრონეების მდგომარეობაზე, რაც მასში იწვევს დიდ თვითკმაყოფილებას, დასცინის და ფეხქვეშ თელავს მათ გრძნობებს. ლოპახინის პერსონაჟი ურთიერთსაპირისპირო თვისებების მატარებელია, ერთის მხრივ არის ძალზე შრომისმოყვარე, პრაქტიკული, ნათელი გონების პატრონი, ხოლო მეორე მხრივ უგულო, მტაცებლური და უხეში. აქ უნდა გააკეთოს მსახიობმა მაქსიმუმი, გვიჩვენოს საკუთარი დამოკიდებულება მთელი ემოციებით. როცა სცენაზე ვუყურებდი ომარის პერსონაჟის ქცევას, ბოლომდე მიმყვებოდა სურვილი, რომ რაღაც მომენტში მსახიობი შეძლებდა და გადმოსცემდა მის გამარჯვებას მთელი ტრიუმფით, რადგან მისი სახე ძალიან ახლო იყო ჩეხოვისეულ ლოპახინთნ, მისი მოძრაობა, მეტყველება ქმნიდა მოლოდინს, რომ ის ლოპახინის შინაგან მდგომარეობასაც ასევე დამაჯერებლად მიიტანდა მაყურებლამდე. თუმცა, მინდა დავაკონკრეტო, რომ ამის მიუხედავად ომარმა მეტად შეძლო საკუთარი დამოკიდებულების გადმოცემა ამ ეპიზოდში, ვიდრე შოთამ, რომლის ცეკვა სცენაზე მოცეკვავის მხოლოდ და მხოლოდ პლასტიკურ მიმოხვრას გავდა. როცა ჩემში არ იყო არანაირი განცდა იმისა, რომ ლოპახინმა ოცნება აიხდინა და ყოფილი ბატონის ქონების ამჟამინდელი მეპატრონე თავად გახდა. მაგრამ, იმის თქმაც მინდა, რომ შოთას ნამდვილად ეტყობოდა როლზე დაუღალავი მუშაობა, უბრალოდ, ჩემი აზრით, ლოპახინის როლის შესრულებისთვის მას ასაკი და პროფესიული გამოცდილება უშლიდა ხელს, ლოპახინისთვის ზედმეტად გამოუცდელი და ახალგაზრდა აღმოჩნდა. ასევე დასაწყისს მინდა შევეხო, ეს არის სცენა, სადაც სპექტაკლის ტემპორიტმის წაყვანა უნდა მოხდეს, რაც ძირითადად ორ მსახიობზეა დამოკიდებული რანევსკაიასა და ლოპახინის როლების შემსრულებლებზე და ძნელია დაიწყო და შემდგომ განაგრძო სპექტაკლი ისე თუ მას ტემპორიტმი არ მისდევს თან. ვუყურებდი სპექტაკლის ორივე ვარიანტს და თან ვფიქრობდი რა იყო მიზეზი იმისა, რომ სპექტაკლს დაწყება უჭირდა და მძიმედ მიდიოდა მანამ, სანამ დუნიაშა ან ტროფიმოვის პერსონაჟები არ ჩნდებოდნენ სცენაზე და ვხვდები რომ, ეს გამოცდილება და მსახიობების მხრიდან წარმოთქმული მართალი სიტყვაა და მეტი არაფერი. ასევე იყო რანევსკაიაც, მას მეტი მცდელობა ჰქონდა მიმსგავსებოდა ლიუბოვ ანდრეევნას, ვიდრე გულწრფელად ეთამაშა და შეეგრძნო საკუთარი პერსონაჟის განცდები და გაეთავისა ის.
რანევსკაიების ქონების ამჟამინდელი მეპატრონე ლიუბოვ ანდრეევნა მთელ ცხოვრებას განცხრომასა და დროსტარებაში ატარებდა. არაერთხელ გულგატეხილი და იმედგაცრუებული დატოვა სიყვარულმა. მან არ იცოდა შრომისა და ქონების ფასი, გართობის მიზნით უკანასკნელ კაპიკსაც კი ანიავებდა მაშინ, როცა ოჯახი ვალებში იყო ჩაფლული და მისთვის ასეთი სათაყვენებელი ალუბლის ბაღი დღედღეზე ეყიდებოდა. ამ დამოკიდებულების ნათლი მაგალითია ეპიზოდი, როდესაც გამვლელი შემოდის სცენაზე (კობა კოპაძე) და დახმარების ნიშნად რანევსკაია მას ოქროს მონეტას აჩუქებს, მაშინ როცა თავად არ აქვს საარსებოდ ფული. მას მთელი ცხოვრება სხვისგან დასახმარებლად გამოწვდილი ხელის იმედი ქონდა, მხოლოდ სხვისგან ითხოვდა თავად არაფერს აკეთებდა. მისი გოგონებიც ანია (თეკლა მარჯანიშვილი) და ვარიაც (ანა ჩოგოვაძე, მარი არღუთაშვილი) ხშირად ეწინააღმდეგებოდნენ დედას და სთხოვდნენ აზრზე მოსვლას და სიტუაციების რეალურად აღქმას. რანევსკაიას როლის შემსრულებელმა გვნაცა კანდელაკმა მაყურებელს არისტოკრატი, ნაზი და დაუცველი, ყველასგან მიტოვებული და გულგატეხილი პერსონაჟი უჩვენა. ის ნათელი მაგალითი იყო უსუსური და გრძნობებს გადაყოლილი ქალბატონისა. გვანცა საკმაოდ დამაჯერებლად ართმევდა თავს საკუთარი პერსონაჟის სახის შექმნას. საკმაოდ ამაღელვებელი და ოსტატურად დამუშავებული ჰქონდა ლოპახინთან ცეკვის ეპიზოდი, სადაც გმირისთვის დამახასიათბელი კეკლუცი და სათუთი ბუნება გამოაჩინა. ასეთ ეპიზოდებში უფრო დამაჯერებელი იყო გვანცა, ვიდრე ისეთ ადგილებში, სადაც მას მრისხანება და სიბრაზე უნდა დატყობოდა, თუნდაც ტროფიმოვთან დიალოგის დროს, სადაც ის ზედმეტ სიმკაცრეს იჩენდა მის მიმართ, რაც ოდნავ გამაღიზიანებლადაც კი ჩანდა, ან თუნდაც მაშინ, როდესაც მის წინაშე გამარჯვებული ლოპახინი იდგა და საკუთარი სახლიდან აგდებდა. მაგრამ, შეუძლებელია არაფერი თქვა სცენაზე, როდესაც დედა ვერ ტოვებს ადგილს, სადაც მისი დაღუპული შვილი განისვენებს, ეს ეპიზოდი რეჟისორის ორიგინალური ხედვის წყალობით საკმაოდ ემოციური გამოვიდა, როცა გვანცა, სცენის დაბლა მდინარედ ქცეული სივრციდან ცდილობს ძველი ველოსიპედის ამოტანას და გამწარებული ეჭიდავება დუნიაშას, რომელიც არ ატანს მას, ფაქტობრივად მოგონებებს საკუთარ შვილზე და სიმბოლურია ისიც რომ, საბოლოოდ ველოსიპედი მაინც იქ რჩება სადაც იყო, ანუ რეალურად, ყველანაირი მოგონება იკარგება ალუბლის ბაღთნ ერთად, არ აქვს მნიშვნელობა რამდენაც ღირებული იყო ის თავის დროზე.
სცენაზე ახალგაზრდა მსახიობების გვერდით დგანან დასის უკვე გამოცდილი წევრებიც ფირსისა და გაევის როლის შემსრულებლები ანზორ გვაძაბია და კახა ბერიძე. ვხედავთ, როგორ ზუსტად იპოვა რეჟისორმა ფირსი საკუთარ დასში და მართლაც, როცა ბატონ ანზორს ვხედავთ სცენაზე, ვხვდებით რომ სხვას ვის უნდა ეთამაშა და მოერგო ეს როლი ასე თუ არა მას. მან იმდენად გაითავისა ფირსის პერსონაჟი, იმდენად მიიქცია საკუთარი ბუნებით მაყურებლის ყურადღება, თითქოს ეს სპექტაკლი ფირსის ცხოვრება იყო. მისი თბილი, ასაკოვანი გარეგნობა ფისრსის პერსონაჟში ზუსტად ჩაჯდა. ბატონმა ანზორმა ზედმიწევნით ზუსტად შეიგრძნო, გაითავისა და გადმოსცა საკუთარი პერსონაჟი და შეაყვარა თავი მაყურებელს. განსაკუთრებით მძიმე და ოსტატურად გადმოცემულია ბოლო ეპიზოდი, როდესაც ის მთელ ოჯახს ავიწყდება, როგორც უნარგამოცლილი, მივიწყვებული ნივთი და მარტო ტოვებენ გამოცარიელებულ სახლში. ვხედავთ მის აშკარა გულისწყვეტასა და სულიერ ტკივილს ამ ფაქტის გამო და ეს ემოცია მაყურებლისთვის იმდენად გადამდებია, რომ ცრემლმორეული თვალებით შესცქერის სპექტაკლს დასრულებამდე.
ვარიას საკმაოდ განსვავებული ორი სახე შექმნეს მსახიობებმა მარი არღუთაშვილმა და ანა ჩოგოვაძემ. ბუნებით ვარია ძალზედ მოკძალებული და ღვთისმოსავი ქალია, რომელიც კეთილსინდისიერად ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას. ხშირადაა დაკავებული ოჯახის ეკომონიური საკითხებით და გონივრულად ცდილობს ოჯახის ბიუჯეტის გადანაწილებას, რაშიც ხშირად უშლის ხელს რანევსკაია, თუმცა უძლურია მის წინაშე, რადგან ზედმიწევნით კარგად იცის დედის მდგომარეობა, თუ რამდენად მორყეულია ლიუბოვ ანდრეევნა ფსიქოლოგიურად, საკუთარი არასწორი ცხოვრების წესიდან გამომდინარე. მისი მდგომარეობის გამომხატველი ოჯახში კი ის გასაღბებია, რომელიც მას აბარია, რითაც რეჟისორმა ხაზი გაუსვა მის ადგილს ოჯახში. მისი ერთადერთი სურვილი კი მხოლოდ 100 მანეთის შოვნა და მონასტერში თავის შეფარებაა. თუმცა პიესის მიხედვით მას ჰყავს საქმრო ლოპახინი, რომელიც მას ხელს შეგნებულად არ სთხოვს, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ღიად საუბრობს მათი ოჯახის შექმნაზე, ეს თემა კი ვარიასთვის მიუღებელია და არ სურს გახდეს ოჯახის წევრების განხილვის საგანი. ხშირად გამოდის მდგომარეობიდან ამის გამგონე. თუმცა ვხედავთ, რომ თავადაც ბოლომდე გულგრილი არაა ლოპახინის მიმართ. ამის ნათელი მაგალითია ეპიზოდი, როდესაც რანევსკაია ეცეკვება ვაჭარს, ვარია კი ამ დროს სუფრასთან, მუხლზე მდგომი სკამზე, როგორ ყვება მათ ცეკვას და მეოცნებე თვალებით შეჰყურებს დედას, რომლის ადგილზე ყოფნასაც ნატრულობს. ეს ეპიზოდი განსაკუთრებით მეტყველი და ემოციური ანა ჩოგოვაძემ გახადა, როდესაც მინიმალური მოქმედებით, მხოლოდ სახეზე გამოხატული ემოციის წყალობით, საკუთარი ამაო სურვილი მაყურებლამდე ამაღელვებლად მოიტანა, და ყველას დაგვწყვიტა გული, საკუთარი ამ აუხდენლად დარჩნილი ოცნებით. მაგრამ, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ვარიამ თავად კარგად იცის, რომ ეს გრძნობა მას არანაირ სარგებელს მოუტანს. ვარია ლოპახინს არაჩვეულებრივ ადამიანად მიიჩნევს. კეთილია, სურს რომ თავისი და ანია დააოჯახოს, თუმცა ამის მიუხედავად მას არ სურს ანიას მეუღლე ტროფიმოვი გახდეს და ყველანაირად ცდილობს, რომ მათ არ მისცეს განმარტოვების საშუალება. ანას ვარიას მიერ შესრულებული საკმაოდ ამაღელვებელი სცენაა, როცა მაყურებლის წინაშე ცრემლით სავსე თვალებით წარმოსთქვამს, თუ როგორ უნდა მონასტერში განმარტოება. ამ ეპიზოდში მსახიობმა მთელი თავისი ოსტატობა დაგვანახა. ანას ვარია, მარის მიერ განსახიერებული ვარიასგან განსხვავებით, უფრო ქალური და დაუცველია. რაც შეეხება მარის მის მიერ განსახიებული პერსონაჟი უფრო მებრძოლ და უხეშ ქალს გვიჩვენებს, მეტად ვაჟკაცური ბუნების მქონეს. სასცენო მოძრაობაც ხასითიადან გამომდინარე უფრო უხეში და ტლანქია, რაც ჩემი აზრით ვარიას შინაგან ბუნებას ეწინააღმდეგება. საბოლოოდ კი ნათელია, რომ მაყურებლის წინაშე ორი სრულიად განსხვავებული ხასიათის მქონე ვარია წარსდგა. აქვე ვიტყვი მეორე და ანიაზე, რომელსაც თეკლა მარჯანიშვილი თამაშობს. ტროფიმოვზე შეყვარებული გოგონა მთლიანად მისი გავლენის ქვეშაა მოქცეული და ისევე როგორც ტროფიმოვი, ისიც ფიქრობს, რომ რუსმა ხალხმა საკუთარი დანაშაული, უმოქმედო ბუნება, უნდა გამოასწოროს. მას უკვე ისე ძალიან აღარ უყვარს ალუბლის ბაღი, როგორც ადრე, ამაშიც ახალგაზრდა სტუდენტმა დაარწმუნა. სწორედ ამას გულისხმობს, როცა ბაღის გაყიდვის შემდეგ დედას უებნება, რომ ისინი ახალ და უკეთეს ბაღს გააშენებენ, მასაც მომავლის იმედი აქვს, მაგრამ როგორ უნდა მოიპოვოს უკეთესი მომავალი, აი ეს, კი ნამდვილად აღარ იცის. სწორედ ეს ეპიზოდია გმირისთვის კულმინაციური მომენტი, როცა მსახიობმა ნათლად უნდა გვიჩვენოს საკუთარი ხასითისთვის დამახასითებელი ნიშნები. თეკლა დგას სცენაზე და მაშინ, როცა მთელი ემოციებით უნდა განიცდიდეს არსებულ მდგომარეობას, მისთვის ძალზე სასიხარულოს, მაყურებლის წინაშე მხოლოდ ემოციისგან დაცლილი სიტყვები და ამაო აღმაფრენა იჩენს თავს, დატვირთული ზედმეტი მოძრაობებით, რომლითაც ალბათ მსახიობს სურს საკუთარი მდგომარეობის გამოხატვა. ეს არის სცენა, რომელსაც მოქმედებაზე მეტად, არსებული რეალობის სწორად განცდა, აღქმა და შეფასება სჭირდება.
გაევის პერსონაჟი, საკმაოდ სენტიმენტალური და მგრძნობიარეა, რომელსაც უყვარს ბევრი ლაპარაკი, რასაც ხშირად საყვედურობენ კიდეც. მან მთელი ცხოვრება გართობაში გაატარა და კვლავ ასე ცხოვრობს, მის ამ ხასითს ხაზს უსვამს ბილიარდის მაგიდად ქცეული სცენა და ბურთები, რომელსაც დროდადრო იყენებს მსახიობი კახა ბერიძე. უყვარს ბევრი ამაო საუბარი, ხშირად ნანობს თავის ნათქვამს, ისახავს აუხდენელ ოცნებებს, მხოლოდ საუბრობს და არაფერს აკეთებს. სწორად დაიჭირა მსახიობმა პერსონაჟის შინაგანი ბუნება და ეს ყველაფერი ოსტატურად განავითარა სცენაზე, მაყურებლის თვალწინ. ფიზიკურადაც თუ ჩაცმულობითაც ის ზედმეტად მოწესრიგებულია და მის ამ თვისებას ხშირად უსვამს ხაზს პატარ-პატარა ჟესტებითა თუ სახის მიმიკით. მისი არც-ერთი მოძრაობა, რეპლიკა თუ მოქმედება არაა ზედმეტი, ყველაფერი თავისი კონკრეტული აზრობრივი დატვირთვის მატარებელია და მაყურებელი ამას მიხვდება კიდეც თუ ყურადღებით ადევნებს თავლს სპექტაკლს.
გაიყიდა ალუბლის ბაღიც და ეს რეჟისორმა ერთი ორიგინალური მოქმედებით უჩვენა მაყურებელს. ლოპახინმა საკუარი ხელით ააკრა ფიცრები ნაყიდ ალუბლის ბაღს, რომელიც ენციკლოპედიაშიც კი იყო შესული და ახლა მას გაჩეხვა, მიწასთნ გასწორება ელოდა და გადაქცევა ფულის შოვნის მომგებიან წყაროდ ლოპახინისთვის. ის, ვისაც ლოპახინმა ეს საქმე დაავალა კობა კოპაძის მიერ შესრულებული პერსონაჟია, რომელიც პირველად გამვლელის სახით მოევლინა მაყურებელს დოლით ხელში მობარბაცე, მუსიკის ფონზე. საკმაოდ მცირე როლი აქვს კობას, თუმცა საკმაოდ სახასითო და კონკრეტული, რომელმაც გვიჩვენა რუსული საზოგადოების ყველაზე დაბალი, გაუნათლებელი, უმიზნო საზოგადოება, რომელიც მზადაა გააკეთოს ყველაეფერი, თუნდაც სხვისი უბედურების ხარჯზე, მაგრამ მაინც იშოვოს საარსებო მინიმუმი, რომ გადარჩეს და შიმშილით სული არ ამოხდეს. აი, სწორედ ასეთი კაცის ხელით ეღება ბოლო პიესის გმირებისთვის ასეთ ძვირფას, ტკბილი მოგონებებით სავსე ალუბლის ბაღს, რომლის სიდიადეზეც ერთ დროს ყველა საუბრობდა.
რეჟისორმა შეძლო სადა და მინიმალური დეკორაციის წყალობით ეჩვენებინა იმ დროინდელი რუსილი საზოგადოების სახე. რანევსკაიების მთელი ოჯახი არისტოკრატიული ყოფიდან, გარემოდან გამოიყვანა და ჩვეულებრივ ადამიანებად აქცია. ჩეხოვის პერსონჟების ყოფა, რომლებიც ცალსახად არც უარყოფითნი და არც დადებითნი არიან, დღევანდელობას ისე მოარგო, რომ დაგვანახა საზოგადოების ასეთი ნაწილი ყოველთვის იარსებებს ჩვენს გვერდით და ამას არ სჭირდება კონკრეტული ეპოქა. სწორედ ამიტომაცაა ჩეხოვის კლასიკად ქცეული ნაწარმოებები უკვდავი და აქტუალური დღემდე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სოსო ნემსაძემ საკუთარ ამოცანას თავი გაართვა და შექმნა ჩეხოვისეული ალუბლის ბაღის კიდევ ერთი ორიგინალური და დასამახსოვრებელი დადგმა, რომელიც ალბათ ბევრი მნახველისთვის შეიძლება იქცეს დისკუსიისა და განხილვის საგნად. მან ბოლომდე აითვისა ახალი სივრცის შესაძლებლობები და შეძლო მსახიობებსა და მაყურებელს შორის უშუალო კონტაქტის დამყარება და მაყურებლის სრულად ჩართვა წარმოდგენის მსვლელობის პროცესში. მე კი, ჩემის მხრივ წარმატებებს ვუსურვებ ბატონ სოსოს ახალი და ორიგინალური იდეების განხორციელებაში და დარწმუნებული ვარ ბევრი საინტერესო დადგმა გველის ამ ახალ, ორგინალურ, უშუალო და თბილ გარემოდ ქცეულ მესამე სივრცეში.
ნინო გაბრავა